ჭუბერში მდინარე ნენსკრამ კალაპოტი გაარღვია. მოსახლეობის ნაწილი იზოლაციაში მოქცეული.
მდინარე წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა. არსებობს დატბორვის საფრთხე, რადგან მდინარეში შარშან სტიქიის დროს ჩარჩენილი ხეები, შლამი და ქვებია, რის გამოც შესაძლოა, ნენსკრას შეგუბება მოხდეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიამ მძიმე შედეგები სოფლებს ხელისუფლების დაუდევრობის გამო მიაყენა. წინა სტიქიის შემდეგ კალაპოტი არ გაწმინდეს, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარემ სოფლის შიდა რამდენიმე ხიდი წაიღო, დაზიანებულია სოფელ ყარსგურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი და გზებიც, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელია.
სვანეთში ცოტა ხნის წინ, ტექნიკა შეიყვანეს და გაწმენდითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, თუმცა ძლიერი დინების გამო ტექნიკა ჯერ ვერ მუშაობს. მდინარის პირას მცხოვრებმა მოსახლეობამ სახლები მიატოვა, თავს უსაფრთხო ადგილს აფარებს.