17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში - საკითხზე სახალხო დამცველმა და არასამთავრობოებმა იმსჯელეს

ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში  - საკითხზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა იმსჯელეს. ომბუდსმენის განცხადებით,  ეს საკითხი ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს. მისი განმარტებით, ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში ადგილობრივ მუშა ხელს მხოლოდ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მცირე ნაწილი წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.  

„იმ რეგიონებშიც კი, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებული ეთნიკური უმცირესობები როგორც თვითმმართველობის, ასევე რეგიონალურ დონეზე, სამწუხაროდ, მმართველ თანამდებობებზე საჯარო სამსახურში არ გვხვდებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დაბალია მათი წარმომადგენლობა დედაქალაქის მუნიციპალიტეტშიც. ვიცით, რომ დაახლოებით 10 % დედაქალაქის მოსახლეობის ეთნიკური უმცირესობაა, თუმცა თბილისი მუნიციპალიტეტში, საკრებულოში ისინი არ არიან წარმოდგენილნი. ასევე, ძალიან პასიურია მათი წარმომადგენლობა პარლამენტშიც,“- განაცხადა ლომჯარიამ.   

შეხვედრას არასამთავრობოებთან ერთად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, წელიწადნახევარია რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამა არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღნიშნულ უწყებებში მუშაობისთვის ყველა  კარი ღია აქვთ.

„წელიწადნახევარია ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა. ეს არის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სტაჟირების პროგრამა სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებებში და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში 1 პლიუს 4 პროგრამით ჩართულ ახალგაზრდებს, ან კურსდამთავრებულებს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყებაში აქვთ კარი ღია იმისთვის, რომ გაიზიარონ თავიანთი უნარ-ჩვევები, კომპეტენცია და მიიღონ გამოცდილება, რომ გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

დღის ამბები