17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
50-მდე დამწვარი მაღაზია და 2 მილიონამდე ზარალი - ლილოში ხანძრით დაზარალებულები დივერსიას არ გამორიცხავენ

ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე ექსპერტები მუშაობენ. ტერიტორიის პერიმეტრს ისევ აკონტროლებენ სამართალდამცავები. მოვაჭრეებმა კი ვისი პროდუქციაც ხანძარს გადაურჩა, ნივთები საწყობებში გადაიტანეს. რა გახდა ხანძრის მიზეზი უცნობია, ცეცხლმა "ლილო სითის" ტერიტორიაზე ათასი კვადრატული მეტრი ფართობი და ათობით მაღაზია გაანადგურა. დაზარალებულები და ბაზრობის ჩინელი მეიჯარეები დივერსიას არ გამორიცხავენ.

ბაზრობის მესაკუთრის, ლაურა ღაჭავას იურისტი მფლობელის წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ ბრძოლაზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ღაჭავას ყველა კომპანია შეამოწმა საგამოძიებო სამსახურმა, ამოიღო დოკუმენტები, აქტივებს კი ინკასო დაადო. ადვოკატი ამბობს, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად თანხებზე შეზღუდვის მოხსნა აუცილებელია.

„გარდა იმისა, რომ ჩვენს კომპანიებს ადგება ზიანი, მიზეზიც კი არ ვიცი, რატომ ხდება ეს, უბრალოდ ზარალდება უამრავი ხალხი. შეიძლება არავის გაკეთებული არ არის, ეს უნდა გაირკვეს, რა თქმა უნდა. თუ ამაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს ის პიროვნებაც“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა კაიკაციშვილმა.

ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენას არ გამორიცხავენ მაღაზიების მეპატრონეებიც. მათი თქმით, ადგილზე, სადაც თავდაპირველად ცეცხლი გაჩნდა,  ელექტროენერგია არ იყო. ამიტომ მათი განცხადებით, შეუძლებელია ხანძარი ელექტროსადენებს გამოეწვია. 

„თუ ჩვენ დავადგენთ რომ გაჩენილია ხანძარი, მაშინ ვივარაუდებთ ბევრ რამეს. მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის მიზეზი. დღეს მთავარია დავადგინოთ, ხანძარი გაჩნდა თავისით, თუ გააჩინეს“, - განაცხადა ბიზნესმენმა დავით კოდუა.

ხანძრის შედეგად დამწვარია 50-მდე მაღაზია, ზარალი კი 2 მილიონ ლარს აღწევს. თუმცა ბაზრობის დირექტორის ინფორმაციით, მეპატრონეებს პროდუქციის დიდი ნაწილი დაზღვეული ჰქონდათ, შესაბამისად მათი ზარალი ანაზღაურდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები