"ლილო სითის" მფლობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ლაურა ღაჭავა ითხოვს, მოეხსნას ყადაღა მის ობიექტებს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ დაადო. მისი განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა მას არ განუმარტეს შეზღუდვების მიზეზები, რის გამოც ბიზნესსაქმიანობში ხელი ეშლება. ბაზრობის მფლობელის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მისი გაკოტრება მიზანმიმართულად მიმდინარეობს. ღაჭავა არ გამორიცხავს, რომ საქმე ევროსასამართლოშიც წავიდეს.
„მთავარია მოიხსნას ინკასო. თუ ეს არ იქნება მიღებული იძულებული გავხდებით, ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ. 25 დღეა ინკასო ადევს კომპანიებს, ეს დიდი დროა. მიზანმიმართულად მაკოტრებენ და ამ გაკოტრებას რომ მოვერიოთ, ყველა ღონეს გამოვიყენებთ,“ - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
"ლილო სითის" მფლობელი აპირებს უცხოელი ექსპერტი ჩამოიყვანოს, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეაფასებს.
დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე მთელი დღე მუშაობდნენ ექსპერტები. ადგილზე იმყოფებოდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელიც, რომელიც უშუალოდ მაღაზიის მფლობელებს გაესაუბრა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.