კომპანია "ავიატორი" ყაზბეგში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სწორედ აღნიშნული კომპანიის საკუთრება იყო ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ კატასტროფა განიცადა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ვერტმფრენის საფრენი გეგმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული იყო. ამასთან მას მართავდა 20 წლის გამოცდილების მქონე პილოტი. რაც შეეხება მგზავრებს, "ავიატორში" ამბობენ, რომ არაკომერციულ რეისზე დამგზავრების საშუალება ნებისმიერი ადამიანს, მათ შორის სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელსაც ჰქონდა.
“6 ივნისს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პილოტის მიერ საფრენოსნო გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადაეცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. ბორტზე პილოტის გარდა იმყოფებოდნენ “ავიატორი +ის” ფრენების კოორდინატორი და სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი - შვეიცარი. თავისი სურვილისამებრ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომელს, აქვს უფლება პილოტთან ერთად შეასრულოს არაკომერციული რეისი.
"უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პილოტი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. პილოტი ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ჰქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში,”-ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი შემოწმებას რეგულარულად გადიოდა. ბოლო შემოწმება მას 22 მაისს ჩაუტარდა.
"ვერტმფრენი მუდმივად გადიოდა ტექნიკურ დათვალიერებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების პროგრამის (AMP) შესაბამისად. ვერტმფრენმა ბოლო ტექნიკური შემოწმება გაიარა 2019 წლის 22 მაისს.
„ავიატორი + ის” მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, დადგინდეს ტრაგიკული მოვლენის რეალური მიზეზი. კომპანია თავის მხრივ დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამავე დროს კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია მწარმოებელთან და იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი უახლოეს მომავალში,"-ნათქვამია განცხადებაში.