17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მოძრაობის ბოლო წამებია ასახული

ტრაგიკული ავიაკატასტროფის ექსკლუზიური კადრები - „კურიერმა“ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც ყაზბეგში ჩამოვარდნილი „ბელ 505-ის“ ფრენის ბოლო წამებია ასახული. კადრში სწორედ ის მომენტი ჩანს, როცა საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, მართვას კარგავს და დიდი სიჩქარით მიწაზე ეცემა. ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, რომ ვარდნის დროს როტორის ფრთები არ ტრიალებს, რაც, სავარაუდოდ, ძრავის გაუმართაობაზე მიუთითებს.

„ბელ 505“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფის კადრები, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, შესაძლოა, მთავარ მტკიცებულებად იქცეს. ამ საფრენ აპარატს არ აქვს შავი ყუთი ან ბორტკომპიუტერი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. ამიტომ ქართველი სპეციალისტები დახმარებას ვერტმფრენის მწარმოებელი ქვეყნებიდან ელოდებიან. ამერიკელი, კანადელი და ფრანგი ექსპერტები ყაზბეგში უახლოეს დღეებში ჩავლენ.

ავიაკატასტროფის დროს, რომელსაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ფრაგმენტებად დაშლილი ვერტმფრენის ნაწილებს ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ. ვერტმფრენის ნარჩენებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ყაზბეგში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე გამომძიებლებმა სასტუმრო „რუმსისა“ და ვერტმფრენის მფლობელი კომპანია „ავიატორ პლუსის“ თანამშრომლების დაკითხვა უკვე დაიწყეს. „ავიატორ პლუსის“ ადვოკატი ამბობს, რომ კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა არ გამხდარა. თუმცა კახა წერეთელი დღეს აღარ აკონკრეტებს ბოლო თარიღს, როდესაც საფრენ აპარატს ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები