ხარაგაულში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერი წვიმის გამო, ადიდებულმა მდინარე ლევნულამ საავტომობილო გზა მთლიანად წაიღო, რის გამოც 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა.
ადგილზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების შედეგად წყალმა სოფლამდე მისასვლელი გზა მთლიანად წაიღო.
მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველი და ფრინველი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტით პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებენ.
„სამი მიმართულების პრობლემა გვაქვს, ერთი, რომ დაბა ხარაგაულს არ მიეწოდება სასმელი წყალი და გადადის 4 საათიან რეჟიმზე სასმელი წყლის მომარაგების თვალსაზრისით. რიგ სოფლებში იყო ელექტროენერგია გამორთული და ენერგოპრო მუშაობს ამ პრობლემებზე და ნახევარ სოფლებში დენი უკვე ჩართულია. მესამე პრობლემა კი ის არის, რომ მოშლილია ინფრასტრუქტურული მისადგომი ლეღვასა და მარელისში“, - განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ.
მოსახლეობა მდინარეზე ჯებირების გაკეთების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა მსგავსი შემთხვევებისგან მაცხოვრებლები დაცულები იყვნენ.