ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბეტონის გზა ნანიტაშვილების უბანში პირველად იგება. ვისი სახლიდანაც გზის გაყვანა მუშებმა დაიწყეს, პრემიერის ბიძაა, მამუკა ბახტაძის, დედის ძმა, მერაბ ნანიტაშვილი. სახლი კი, რომელთანაც გზაც მთავრდება და კომუნიკაციებიც, პრემიერის დედას ეკუთვნის.
მუშები მეწყერსაშიშ ადგილებს ამაგრებენ და სანიაღვრო სისტემებს აწესრიგებენ. ბეტონის საფარის ქვეშ რკინის ბადეებიც დაამონტაჟეს. სამუშაოები შესვენების გარეშე ღამითაც მიმდინარეობს.
იმ ტერიტორიაზე, რომელიც პრემიერის ოჯახს ეკუთვნის და წლებია, არავინ ცხოვრობს, არის გზა, გაზიც და სანიაღვრე სისტემაც. პარალელურ ბაზალეთში კი, ხალხი წლებია, შველას ითხოვს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს. სოფელში დარჩნენ ისინი, რომლებმაც მძიმე გარემოში ადაპტაცია გაიარეს და ქალაქში არ გაიქცნენ. მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
"კურიერი" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა. პრესცენტრის ინფორმაციით, ნიკოლოზ თოფურიძე შვებულებაშია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა კი ამ თემაზე მოპასუხე სხვა წარმომადგენელი ვერ იპოვა.
ჯერ უცნობია, სად მივა გზა, რომლის გაყვანაც პრემიერის სახლიდან დაიწყო და შევა თუ არა გაზი დანარჩენ სოფელში, რომელიც ნანიტაშვილებში მთავრდება.