17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ნასვამი პოლიციელი ავტომობილით ბავშვებით სავსე მანქანას შეეჯახა და ადგილიდან გაიქცა  

ნასვამი პოლიციელი ავტომობილით ბორჯომის გზაზე, ბავშვებით სავსე მანქანას შეეჯახა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. დემეტრაძეების ოჯახის 5 წევრი აღდგომის დღესასწაულზე სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. აბასთუმნიდან ვალეს მიმართულებით მიმავალ მანქანას, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვიც იჯდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „მერსედესი“ შეეჯახა. 

სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზურაბ ხობიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაშავებული მოქალაქეებისთვის სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამვლელმა გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა დანაშაულის ადგილი და მძიმედ დაშავებული ბავშვები, სავარაუდოდ, იმ მოტივით მიატოვა, რომ არავის დაეფიქსირებინა, როგორ მართავდა ის საჭეს ნასვამი. 

დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ 2 და 4 წლის ბავშვებს ექიმებმა რამდენიმე ნაკერი დაადეს. ბავშვების მამასა და ბებიას კი მძიმე მოტეხილობები აქვთ და ექიმები წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებენ.

დაშავებული ოჯახის გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც გაიგო, რომ პოლიციელი, რომელმაც დაშავებულები ქუჩაში მიატოვა, ახლა მათ დამტვრეული ავტომობილის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვს. დემეტრაძეები მიიჩნევენ, რომ ხობიაშვილი საკუთარი გავლენებით დანაშაულს თავს აარიდებს, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ასეთ სკანდალში ეხვევა და არცერთ შემთხვევაში მისთვის უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სოფელ ვარხანაში ცხოვრობს. ოჯახის არცერთი წევრი „კურიერს“ სახლში არ დახვდა. მომხდარი ავარიის შესახებ კი რამდენიმე წუთით პოლიციელის მეუღლე გვესაუბრა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურადაც დადასტურებულია ხობიაშვილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა პატრულის თანამშრომლის ცოლი ამას მაინც უარყოფს.

ავარიის დროს ზურაბ ხობიაშვილის ავტომობილში იჯდა თავისივე მეგობარი და სოფელ ვარხნის მაჟორიტარი, ტარიელ მსხვილიძე, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ხობიაშვილი საჭეს ნასვამი მართავდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ჯერ გამოძიებასაც არ აქვს დადგენილი ავარიაში დამნაშავე პირის ვინაობა. სამართალდამცველი ისევ რაიონის პოლიციაში მუშაობს. მისთვის არც მართვის მოწმობა ჩამოურთმევიათ და არც უფლებამოსილება შეუჩერებიათ, იმ მოტივით, რომ პოლიციელის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

 

დღის ამბები