გურჯაანში არსებულ სავაჭრო დაწესებულებაში სრული ანტისანიტარიაა. უკვე დანგრეული თუ დასანგრევად გამზადებული დახლები, ბაზარზე მეტად ნაგავსაყრელს წააგავს, შესაბამისად ანტისანიტარია აქ ყოველ ნაბიჯზეა.
ბაზარში ამჟამად არსებულ მდგომარეობას ობიექტური მიზეზი აქვს. უკვე წლებია, ამ ტერიტორიის მფლობელ შპს "გლეხური ბაზრის" მეპატრონესა და აქ მოვაჭრე მცირე მეწარმეებს შორის სასამართლო დავები მიმდინარეობს.
ოცდაათამდე მცირე მეწარმემ ბაზრის მფლობელთან სამართლებრივი დავა იმ უძრავი ქონების დაცვის საბაბით წამოიწყო, რომელიც წლების წინ პატიოსნად ჰქონდათ შეძენილი.
მიწა, რომელზეც ამ ადამიანების კუთვნილი შენობა-ნაგებობებია განთავსებული, ეკუთვნის შპს "გლეხურ ბაზარს," რომლის მფლობელიც პარტია "ქართული ოცნების" წევრის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის მამიდაშვილი, ნუკრი ლიპარტაშვილია.
მიწის ნაკვეთის გასხვისება, რომელზეც გურჯაანის აგრარული ბაზარია განთავსებული, თავიდანვე კანონდარღვევით მოხდა. ასეთია გურჯაანის რაიონული პროკურატურის მიერ ამ საქმის გამოძიების შემდეგ დადებული დასკვნა. თუმცა, არც თელავის საქალაქო და მოგვიანებით, არც სააპელაციო სასამართლომ, პროკურატურის მიერ გამოძიებული ფაქტები ყურადღების ღირსად არ მიიჩნია.
იმის გამო, რომ სასამართლო ამ საკითხს ძირეულად არ სწავლობს, მის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება მიწის ამჟამინდელი მფლობელი შპს "გლეხური ბაზრის" სასარგებლოდ წყდება.