პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს, „ლიბერთი“ ბანკი 36 %-ით ბეგრავს. პენსიონერს, „ლიბერთი“ ბანკიდან წინასწარ, პენსიის აღების შემთხვევაში, პროცენტის გადახდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი წინსწრებად, ორი თვის პენსიას 400 ლარს აიღებს, მას თვეში 12 ლარის, ანუ წელიწადში 144 ლარის გადახდა მოუწევს.
ეს მაშინ, როცა ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით საქართველოში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 11-14 %-ია.
პენსიონერმა 69 წლის ნანა ზულიაშვილმა პენსიის 200 ლარით თვიდან თვემდე თავი ვერ ირჩინა და „ლიბერთი“ ბანკიდან კუთვნილი პენსია სესხად რამდენჯერმე აიღო. იმ მომენტში ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს უფრო პენსიონერების ძარცვაა, ვიდრე დახმარება.
საქართველო სოციალური სიდუხჭირის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანაა, სადაც უკიდურესი სიღარიბის ინდექსი ყოველწლიურად იზრდება, 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა, სადაც ასობით ათასი ბავშვი და მოხუცი შიმშილობს. ეს სტატისტიკა რომც არ არსებობდეს, ის საკუთარი თვალით ნახა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო კამპანიის დროს. გრიგოლ ვაშაძე გაჭირვებულების დახმარების იდეით გამოდის.
გასულ კვირას, გრიგოლ ვაშაძე პენსიონერებს შეხვდა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, მათ დასახმარებლად აქციებს იწყებს. ისინი, წინასწარ აღებულ პენსიებსა და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთის გაუქმებას ითხოვს.