თავდასხმა ჟურნალისტზე, სამართალდამცველების მხრიდან - Qartli.ge-ს ჟურნალისტი, საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღებას ცდილობდა. ავტომობილი, რომელიც მაგისტრალზე ამოტრიალდა კი საპატრულო ეკიპაჟს ეკუთვნოდა.
წიწაკიშვილი ჰყვება, რომ მას ათამდე სამართალდამცველი დაესხა თავს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს. ის შსს-ს გენ ინსპექციას უკვე გაეგზავნა.
ფაქტის შესწავლაში ჩაერთო "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". ორგანიზაციაში მომხდარზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ ამ შემთხვევის გამოძიებას, დამნაშავე პირების დასჯას და განმარტებას შსს-დან, თუ რა ხდებოდა იქ ისეთი, რის გამოც ჟურნალისტს შეეზღუდა ინფორმაციის გავრცელების უფლება. ავტოსაგზაო შემთხვევები, მათ შორის პატრულის მანქანის მონაწილეობით არაერთხელ გაუშუქებია მედიას, თუმცა არასდროს პრობლემა არ შექმნია. შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ იქ რაღაც ისეთი ხდებოდა, რისი გავრცელების სურვილიც არ ჰქონდა ამ უწყებას“, - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა, ნატა ძველიშვილმა.
მომხდარ ფაქტს შეისწავლის სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
„სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის ამ შემთხვევას. შესწავლის საგანი იქნება, რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება, რატომ არ მიეცა შესაძლებლობა, გაევრცელებინა კონკრეტული ინფორმაცია. შესწავლის შედეგების საფუძველზე სახალხო დამცველი მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თინათინ თინიკაშვილმა.
დაზარალებული ჟურნალისტი თავდამსხმელი პოლიციელებიდან ერთ-ერთის ვინაობასაც ასახელებს. მისი თქმით, ის ვინც მასზე იძალადა რამაზ გრიგალაშვილია. მისივე თქმით, სწორედ რამაზ გრიგალაშვილი ცდილობდა, ჟურნალისტისთვის მობილური ტელეფონი წართმევას.
Qartli.ge-ს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.