თქვეს, რომ 17 წლის მოზარდმა გაიტაცა საპატრულოს მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა - ამის შესახებ "კურიერთან" გორში დაკავებულის ახლობელმა განაცხადა. მან სამართალდამცველების მიერ ნაამბობი "რუსთავი 2-თან" დეტალურად გაიხსენა.
მისი თქმით, 15-დან 18 პოლიციელი მივიდა მათთან სახლში, არასრულწლოვანს დაადეს ბორკილები და წაიყვანეს. დაკავებულის ახლობლის განცხადებით, სამართალდამცველებთან საუბრისას გაირკვა, რომ მოზარდმა გაიტაცა მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.
დაკავებულ არასრულწლოვანს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მოზარდს პოლიციის ავტომობილის გატაცებას აბრალებდნენ.
„ალბათ, 15-18 იქნებოდა. ვისხედით დივანზე, პურს ჭამდნენ. იარაღი ამოიღეს, ბავშვს დაუმიზნეს. გამომძიებელმა მითხრა, როცა მოვიდა, ვითომდა მცირეწლოვანმა გაიტაცა საპატრულო მანქანა და ამაში სდებდნენ ბრალს. მერე თქვა რომელიღაცამ, რომ ვითომდა ამ საპატრულოს მანქანაში პრი პოლიციელი იჯდა. როგორ შეიძლება 17 წლის მოზარდმა პოლიციის მანქანა გაიტაცოს, თავისი ორი პოლიციელით. არარეალურად მეჩვენება. მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ შეიძლება მალავენ ვიღაცას, ვისი გამოჩენაც არ სურთ, ვინაიდან, ამ ბავშვს აქვს სამი წელი პირობითი, ვფიქრობ, რომ ცდილობენ, რომ გადააბრალონ," - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა.
შსს-ში ამტკიცებენ, რომ მოზარდმა წაიყვანა უწყების კუთვნილი ავტომობილი და ის ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავეს.
საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მიმართულება არსებობს. საქმე ეხება ჟურნალისტზე ძალადობას და საქმიანობაში ხელის შეშლას. ფაქტზე შსს-ს გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს. qartli.ge-ის ჟურნალისტი, საბა წიწაკაშვილი ჰყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღებისას სამართალდამცველებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ტელეფონის წართმევა სცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. საბა წიწიკაშვილი დღეს გამოკითხვაზე 5 საათზეა დაბარებული.