ოზურგეთში ძაღლის ჭირი მძვინვარებს. ამის შესახებ განცხადებას, ადგილობრივი ექიმი-ვეტერინარები აკეთებენ. მათი თქმით, ყოველდღე ადგილობრივები საკუთარი საცხოვრებლების ირგვლივ გარდაცვლილ ძაღლებს ნახულობენ.
ვეტერინართა განცხადებით პრობლემაა ისიც, რომ არსებული კანონმდებლობით სახელმწიფო მაწანწალა ძაღლების ვაქცინაციას მხოლოდ ცოფზე აფინანსებს, ჭირს კი სახელმწიფო პროგრამა არ ფარავს.
„ქალაქში უამრავი უპატრონო და მაწანწალა ძაღლი დადის, რომელთა უმეტესობა დაავადებულია კლასიკური ჭირით. დაავადება გადამდებია და ვრცელდება როგორც მაწანწალა ძაღლებზე, ისე ოჯახის ძაღლებზე. გვაქვს სიკვდილის შემთხვევები ხშირი ქუჩებში“, - ექიმი ვეტერინარი დავით მარტეკოვი.
განმარტებებს არ აკეთებენ სურსათის უვნებლობის ადგილობრივ სამსახურში. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება და ისინი საქმის კურსში შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩააყენებენ.