აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდის მედია წიგნიერების საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა 3 საინფორმაციო ვიდეორგოლი ინტერნეტტროლების, ისტორიის გაყალბებისა და ყალბი ფოტოს გადამოწმების შესახებ.
ღია კონკურსის წესით შერჩეულმა ახალგაზრდებმა 3 თვის განმავლობაში მედია წიგნიერების ინტენსიური კურსი გაიარეს და დღევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ღონისძიების დასასრულს "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" მედია წიგნიერების 2019 წლის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
„ დღეს ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რათა ავამაღლოთ ცნობიერება მოქალაქეების, თუ როგორ განასხვავონ ერთმანეთისგან ყალბი ინფორმაცია და რეალური ამბები, როგორ მოახდინონ ტროლების იდენტიფიცირება,“- განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.