შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც დაესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი ჯერჯერობით უცნობია, სამოქალაქო სექტორი აპირებს ისაუბროს, საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის პარტიების დაფინანსების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ შეხვედრა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება ორიენტირებული.
"სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემო შეუძლებელი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის მიღწეული იქნას, თუ საარჩევნოს სისტემა არ შეიცვლება და სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავალთ,"-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე.
საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს რაც შეიძლება მალე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილიც. ის სხვა საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი თქმით, დღევანდელ საარჩევნო მოდელში შესაცვლელია.
"ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მივესალმებით და ველით 2020-დან და არა 2024-დან. ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით რიგი რეგულაციები ასევე საჭიროებს გარკვეულ ფუნდამენტურ ცვლილებებს,"-აცხადებს ლევან ნატროშვილი.