17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, გამორთო უცებ - კომაში მყოფი 14 წლის მოზარდის მშობლები, მომხდარის სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ

14 წლის გოგონა უკვე მეოთხე დღეა, უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის. მიზეზი, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის სასიკვდილო წესებია. გოგონას მშობლები იხსენებენ, რომ არასრულწლოვანი ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნიდა, შემდეგ კი ის ოთახში შევიდა. მოგვიანებით დედამ საკუთარი შვილი საწოლზე მომაკვდავ მდგომარეობაში ნახა.

მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მშობლები ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში შვილს უცნაურ საქციელს ამჩნევდნენ. მათი თქმით, გოგონას დაეწყო დეპრესია და შიშები, ასევე, მოზარდს ჰქონდა ნაჩხვლეტები ხელის მტევნებზე, რაც, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშში, ე.წ. ლურჯ ვეშაპში მის მონაწილეობაზე მიუთითებს.

„ყველა მეუბნებოდა, რომ არის დეპრესიაში ბავშვი, გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავს. მე მეუბნებოდა, დედიკო შენ ხომ არაფერი დაგემართება? არა, დედიკო, მე რა უნდა დამემართოს. დედა, მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები., ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა. ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ხელში ეჭირა ტელეფონი, გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ,“ - განაცხადა გოგონას დედამ, ინგა ბურდულმა. 

ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დადგენა, რამ განაპირობა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სწორედ ეს მთავარი შეკითხვა აქვს გოგონას ოჯახს მედპერსონალთან. მოზარდის მამის თქმით, მისი შვილის ამბავი ტელევიზიით რომ არ გაშუქებულიყო, საავადმყოფოში ბიოქიმიური ანალიზის ჩატარებას არ აპირებდნენ. ექიმის თქმით, გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

დღემდე არ ჩატარებულა ბიოქიმიური ანალიზი და ექიმებმა არ იციან, ბავშვი რითია მოწამლული. როგორ შეიძლება უმკურნალო ადამიანს და მისცე წამალი, როცა არ იცი, საწამლავის სახელი. ჩაერია ხალხი, ტელევიზია და უკვე ამის შემდეგ კეთილი იბოძეს და აკეთებენ ბიოქიმიურ ანალიზს. თქვენ რომ არ მოსულიყავით გუშინ, დღესაც არ ჩატარდებოდა ბავშვის ბიოქიმიური ანალიზი და არავინ გამოიკვლევდა იმას, რა ნივთიერებითაა მოწამლული,“ - განაცხადა ბავშვის მამამ, გიორგი ჭახელიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები