რომ მივხვდე მე მიკეთებენ ამას, ზარის ავტორი ამბობს, რომ გვარად სააკიანია - პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მისი რეპუტაციის დაზიანებას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს.
მსოფლიო ბანის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოს წამყვან თეატრებში უცნობი პირი რეკავს და ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძესთან, რომელსაც პატიმრობა ემუქრება ინტერვიუს ჩაწერა სურს.
„ვიღაცა რეკავს თეატრებში, ეკითხება, შეიძლება ბურჭულაძესთან ინტერვიუს გაკეთება? თეატრები ეკითხებიან, თქვენ რატომ რეკავთ? იმიტომ რომ ახლა აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე და შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ასეთი პასუხი არის აქედან.
რაც მთავარია, მე რომ მივხვდე, რომ მე მიკეთებენ ამას, ეს ადამიანი ამბობს, რომ - ჩემი გვარი არის სააკიან. რომ მივხვდე ვინ რეკავს და რატომ.
ეს თუ ღირს ჩემთან ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭდეს. ჩემს მეგობრებს ვერ ვეუბნები,რომ ჩამოდით-მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ვერავის დააჯერებ, რომ შეიძლება შეკერილი საქმე იყოს. ვერ დააჯერებ, რომ შეიძლება ერთ ადამიანს არ უნდოდეს და პროკურატურა წავიდეს ამაზე, აიღოს ისეთი ბინძური საქმე, რომ ადამიანზე აღძრას საქმე, რომელზეც პროკურორმაც იცის, მთავარმა პროკურორმაც და ყველამ რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს ყველაფერზე ხელს აწერს,“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.
ადვოკატი კი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მორალურ ტერორს აქვს ადგილი. თეონა ჯორბენაძის თქმით, ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმე ორი წელია აღძრულია, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა მსოფლიო ბანის წინააღმდეგ აღძრული საქმე.
„ძალიან ზუსტი შეფასება მოვისმინე, ამ ბოლო დროს, ის რაც მოუწყვეს ფონდ „იავნანას" და ორი საუკუნის ყველაზე ცნობილ ქართველ არტისტს, ნამდვილად იყო მორალური ტერაქტი, თავდასხმა და ამ სერიალების გადაღება, შემდეგ პროკურატურის ჩართვა,რომ როგორმე გაენადგურებინათ.
დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგზე. ის რომ ქვეყნის იმიჯი შეილახა საერთაშორისო ასპარეზზე, დღევანდელი წერილი, ასკონა ჰოლტის, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი საარტისტო სააგენტო. გამოძიებასთან არანაირი კომუნიკაცია მათ ჩვენთან არ აქვთ, ჩვენ მათთან არ გვაქვს, საერთოდ არ ჩანან, არ ვიცით რა პროცესი მიმდინარეობს. სახალხო დამცველმა მათ გაუგზავნა წერილები, არის მოკლე და ბანალური პასუხები, რომ გამოძიება მიმდინარეობს,“-აცხადებს ფონდ ”იავნანას” სამხატვრო დირექტორი თეონა ჯორბენაძე.