ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მეორე კი დაშავდა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე მოხდა. მაშველები ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან 34 წლის მამაკაცის ცხედრის ამოყვანას 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შუადღით გადავარდა. გზა, სადაც ავტოკატასტროფის დროს ერთი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა, მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ გზას შორისაა.
ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ახმეტის მცხოვრები 34 წლის კონსტანტინე ღუზარაული. მან თუშეთში ცხვარი გადარეკა და უკან ავტომობილის მძღოლთან ერთად ბრუნდებოდ, რა დროსაც „პიკაპი“ ხევში გადაიჩეხა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოუცურდა და ხევში გადავარდა.
ცნობილი ხდება, რომ ავტომობილი, რომლითაც საქართველოს ორი მოქალაქე გადაადგილდებოდა და ხევში გადავარდა, რუსთავის ავტოდრომს ეკუთვნოდა.
ადგილობრივების შეფასებით, იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გზა საკმაოდ სახიფათოა და ავარიებიც ხშირად ხდება. მათი თქმით, გზა ამ მონაკვეთზე ხშირად არ იწმინდება, რაც შესაძლოა, ავარიის მიზეზი გამხდარიყო.
შემთხვევის დროს დაშავებული მძღოლი თელავში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამართალდამცველები კითხავენ. ექიმების შეფასებით, მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თუშეთისკენ მიმავალი გზის მოწესრიგებას ადგილობრივები ხელისუფლებისგან უკვე წლებია, ითხოვენ. რთული მდგომარეობაა გზის 72-ივე კილომეტრზე. განსაკუთრებით საშიში კი აბანოს უღელტეხილია, სადაც გზა იმდენად ვიწროა, რომ ორი ავტომობილი ერთმანეთს გზას ვერ უქცევს.
ავტორი: ია გულიაშვილი.