ბათუმში ძველი სასაფლაო უადგილობის გამო უკვე წლებია, დახურულია, ახალი კი ჯერ არ გახსნილა. ახალი სასაფლაო, რომლის მოწყობა ბიუჯეტს 4 მილიონ ლარამდე დაუჯდა, არ ფუნქციონირებს. პროექტი, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო, დღესაც დაუსრულებელია და ზღვისპირა ქალაქისთვის, თითქმის, 10 წელია, მიცვალებულის დაკრძალვა მთავარ პრობლემად რჩება.
კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია. ბიუჯეტიდან გახარჯული მილიონობით ლარის შემდეგ კი ითქვა, რომ ადგილი პრობლემურია და მიწის გასამაგრებლად დამატებითი სამუშაოები და შესაბამისად, დამატებითი თანხებია საჭიროა. სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ 100 ათასი ლარი დამატებით მოითხოვა.
ხელშეკრულების პირობები მხარეებმა ისე დაარღვიეს და მილიონობით ლარიც ისე დახარჯეს, რომ მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. პასუხისმგებელი მერი ერმაკოვი ამ დროისთვის სხვა კორუფციული გარიგების გამო პატიმრობაშია. ბათუმის საფლავების გაერთიანების ხელმძღვანელმა კი არ იცის, რატომ ჩაიბარა ობიექტი დაუსრულებელი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ტერიტორია საფლავებისთვის გამოუსადეგარია, რადგან მიწა იშლება და მისი გამაგრება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თანხა, რომელიც ამ ადგილისთვის დაიხარჯება, გაფლანგულია.
დახარჯულ მილიონებსა და საფლავებისთვის გამოუსადეგარ ადგილზე „კურიერში“ რეპორტაჟი ერთი წლის წინაც გავიდა. ერთწლიანი ლოდინის შემდეგ ვითარება უცვლელია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.