მარტვილის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნარგავები, ბოსტნეული, სიმინდი და ვენახი გაუნადგურა. მუნიციპალიტეტში პრობლემები სეტყვასთან ერთად ძლიერმა ქარმაც შექმნა. სანიაღვრე სისტემების არარსებობის გამო, ჩამორეცხილია შიდა გზები. უხვმა ნალექმა ზიანი მიაყენა დიდი ჭყონის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებულ თხილნარის პლანტაციებსაც.
„ასეთი სეტყვა საერთოდ არ მინახავს, 20-30 წუთი გაგრძელდა, მინიმუმ. ვენახი მთლიანად განადგურებულია, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვალებით მაქვს ყველაფერი აღებული. სახელმწიფოსგან რამე დახმარება თუ იქნება, მადლობლები ვიქნებით“. - განაცხადა დაზარალებულმა სოსო სურმავამ.
შექმნილ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია გაეცნო. მარტვილის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.