17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

კონტრაქციის წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან სამართალდამცველები აკავებდნენ.

სიტყვიერი შეურაცხყოფა კონტრაქციის წევრებმა სახალხო დამცველის მოადგილესაც მიაყენეს. გიორგი ბურჯანაძე აქციაზე ლგბტ თემის გამოხატვის უფლების დასაცავად იყო მისული.

კონტრაქციის წევრებმა თავდასხმა სცადეს უფლებადამცველ ნატა ფერაძეზეც, თუმცა თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

მანამდე შელაპარაკება მოხდა ნატა ფერაძესა და სასულიერო პირებს შორის. მამა ანდრია ჯაღმაიძე, კიდევ ერთ მღვდელთან ერთად, ლგბტ თემის მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდებდა და გარყვნილებაში ადანაშაულებდა. სამოქალაქო აქტივისტი ცდილობდა, აეხსნა, რომ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება ყველას ჰქონდა.

ღამის განმავლობაში პოლიციამ კონტრაქციის 28 წევრი დააკავა, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.

კონტრაქციის წევრები ჟურნალისტებსაც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქცია დილის 5 საათამდე გაგრძელდა. ლგბტ თემის მხარდამჭერებს პოლიცია ავტობუსებით გაყვანას სთავაზობდა, თუმცა მათ უარი თქვეს.

აქციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დილით დატოვეს.

დღის ამბები