”ძალის გამოღვიძება” - ასე ჰქვია მიხეილ სააკაშვილის წიგნს, რომლის განახლებული ვერსიის პრეზენტაციაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნი მწერალმა და მთარგმნელმა მიხეილ ანთაძემ წარადგინა, რომელიც ამავე დროს წიგნის მთავარი რედაქტორია.
ღონისძიებაში მიხეილ სააკაშვილი ვიდეოზარით ჩაერთო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
„ძალიან საყურადღებო წიგნია დღევანდელი პოლიტიკური სივრცისათვის. ამ წიგნში ორი ქვეყნის ბედია ასახული საქართველოს ბედი და უკრაინის ბედი“, - განაცხადა წიგნის მთავარმა რედაქტორმა, მიხეილ ანთაძემ.
სანდრა რულოვსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი წიგნში გულწრფელად აღწერს ყველაფერს, მათ შორის საკუთარ შეცდომებსაც და სამომავლო გეგმებსაც.
„ამ წიგნში კარგად ჩანს, რომ ხალხის ძალა გადამწყვეტია დემოკრატიულ პროცესში, განსაკუთრებით კი საქართველოს გადარჩენის პროცესში“, - აცხადებს სანდრა რულოვსი.