იმერეთში, სოფელ ჭოგნარში, სადაც ხელისუფლება გიგანტურ ნაგავსაყრელს აშენებს, ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგას. სოფელ ჭოგნარში მცხოვრები ასამდე ოჯახი, წლებია უწყლობას ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან ექვსასი ათასი ლარი უკვე დაიხარჯა, მოსახლეობას წყალი ისევ შეზღუდული გრაფიკით, ან საერთოდ არ მიეწოდება.
ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, ისინი წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.
წყლის პრობლემა აქვს სოფლის საჯარო სკოლასაც. ეზოში არსებულ მცირე ზომის ავზში შეგროვებული მარაგი საკმარისი არ არის და ბავშვები სასმელ წყალს სახლიდან ბოთლებით ეზიდებიან. შექმნილ ვითარებაში ადგილობრივები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.
ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს ოპოზიცია და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გაფლანგული საბიუჯეტო თანხების გამო, მერის პასუხიმგებლობის საკითხი საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე არაერთხელ დააყენა, თუმცა უშედეგოდ.
სამტრედიის მერიაში პრობლემას ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ სამუშაოები უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.