მეუფე პეტრე სინოდის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, სწორედ მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც საზოგადოებაში „თბილისი პრაიდის“ ჩატარებასთან დაკავშირებით გაჩნდა.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ უმჯობესი იყო სხდომა რამდენიმე დღის წინ გამართულიყო და საპატრიარქოს ნაცვლად დაპირისპირებული მხარებიისადმი მიმართვის წერილი სინოდის წევრებს გაევრცელებინათ.
მეუფე პეტრემ ასევე ისაუბრა ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ ე.წ. კომბლების რევოლუციაზე. მისი თქმით, საზოგადოება ბოროტებას სიკეთით უნდა ებრძოლოს, ხოლოდ ძალადობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა იქნას დაგმობილი, საჭიროა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავგმოთ ყოველივე ცოდვა და უზნეობა უწმინდურობა და მით უმეტეს ცოდვის პროპაგანდა, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ,რომ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით, უწმინდურობას უნდა ვებრძოლოთ სიკეთით და ძალადობა კი უნდა დავგმოთ არამხოლოდ სიტყვით და განცხადებით, არამედ საქმით,“-ამბობს მეუფე პეტრე.
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, სინოდის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება. მღვდელმთავრები სხდომაზე წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე იკრიბებიან, წელს გაზაფხულის სინოდის სხდომა არ ჩატარებულა.