აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველი, რომელიც ქართველმა ძალოვანებმა დააკავეს - აფგან მუხთარლის მსგავსად, ბაქოს ციხეში აბსურდული ბრალდებით მოხვედრა ემუქრება ავთანდილ მამედოვსაც.
მამედოვი, რომელიც ბაქოდან პირდაპირ მუქარას და პოლიტიკურ დევნას საქართველოში გამოექცა, დღეს მარნეულში დააკავეს.
საკუთარ ქვეყანაში დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს რამდენიმე თვეა უშედეგოდ სთხოვდა. საბოლოოდ, დევნილთა სამინისტრომ სტატუსის მიღებაზე უარი უთხრა, მამედოვმა უარი სასამართლოში გაასაჩივრა, სხდომა 21 ივნისაა ჩანიშნული, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ სხდომის გამართვას არ დაელოდა და მამედოვი დღეს დააკავა.
მოგვიანებით, შსს-ში განმარტეს, რომ აზერბაიჯანი ავთანდილ მამედოვს ინტერპოლი წითელ ცირკულარით ეძებს და მას თაღლითობას ედავება. სამართალდამცავი უწყების განმარტებით, სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. მამედოვის ადვოკატი, რომელიც აფგან მუხთარლის უფლებებსაც იცავს განმარტავს, რომ თაღლითობის საქმე მამედოვის წინააღდეგ აზერბაიჯანში გამოგონილია, ისევე როგორც გამოგონილი იყო ბრალდებები მუხთარლის შემთხვევაში და ეს აზერბაიჯანში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ოპონენტების დაკავების მიზეზის შესაქმნელად.
ავთანდილ მამედოვი „კურიერის“ ბოლო ინტერვიუში უყვებოდა, რომ მასზე თვალთვალი და ზეწოლა სამშობლოდან წასვლის შემდეგაც არ წყდებოდა.
ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი.