17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ქუთაისში მომხდარი აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია 

ქუთაისში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები - არსებული ინფორმაციით, აფეთქება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ გამხდარა და სავარაუდოდ ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა.  

ძლიერი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ქონებრივი დავა გახდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ადამიანები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. დღეს გამთენიისას კი, ბათუმიდან ჩამოსული, მოდავე ნათესავი ბინაში მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.

მეზობლებმა გაიგეს, როგორ ყვიროდნენ, რომ სახლში ბენზინია, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. 

„სავარაუდოდ ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს და ასე რომ ვთქვათ, თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდაო და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედება,“ - გიორგი აბესაძე, დაშავებული მეგობარი.

მომხდარის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. დაშავებულებიდან ერთი, 10 წლის ბავშვია. ის თბილისში, დამწვრობის კლინიკაში გადმოჰყავთ. ექიმის განცხადებით, კიდევ ერთ დაშავებულს სხეულის 75% აქვს დამწვარი.

„მდგომარეობა არის მძიმე, კრიტიკული და დანარჩენი მკურნალობა მომზადდება ახლა თავის გამოკვლევებით. დამწვრობები სხვა და სხვა ხარისხის არის. არის ტოტალური დამწვრობა, 76 პროცენტი ააქვს ერთ ქალბატონს, მეორეს აღენიშნება 56 პროცენტი და მესამეს 30 პროცენტი,“- განაცხადა ქუთაისი თერმულ დაზიანებათა ცენტრის ქირურგმა, გიორგი აბესაძემ.

ქუთაისში გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება,ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები