ძალიან ცუდად იყო, კვდებოდა ბავშვი, უნდა დაისაჯონ, ვინც დაარტყა ხელი - ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ბათუმის ბულვარში მოზარდს დაცვის პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.
მისი თქმით, ცემისას ბავშვი იმდენად ცუდად გახდა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პირი, რომელიც შემთხვევას შეესწრო ამბობს, რომ ბიჭს 3 პოლიციელი ურტყამდა და დასახმარებლად კი ადგილზე კიდევ რამდენიმე მიდიოდა.
„წყალს ასხამდნენ და ასულიერებდნენ ბავშვს. მინდა, დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც დაარტყა ხელი არასრულწლოვან ბავშვს. სამი პოლიციელი ურტყამს და კიდევ დამატებითი ჯგუფი მოდიოდა დასახმარებლად,“ - ამბობს სულიკო კუპრაძე.
არასრულწლოვანი ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. კიდევ ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მას პოლიციელებმა მიუთითეს ველობილიკზე გადასულიყო, რაც ბიჭმა არ გააკეთა და ამის გამო სცემეს.
„ველოსიპედით ბავშვი, 16 წლის ბიჭი დადიოდა ველოსიპედით, პოლიციამ უთხრა, ხელით აიყვანე ველოსიპედიო. 10 ნაბიჯი იქნებოდა დარჩენილი, ხელით აღარ აიყვანა და პოლიციელები ავიდნენ და ამის გამო სერიოზულად სცემეს. გონება დაკარგა, ასხამდნენ წყალს და ვერ მოჰყავდათ გონზე,“ - ამბობს ოლეგი მახარაძე.
ექიმი კი აცხადებს, რომ ბიჭს ისტერიული გულყრა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხეულის დაზიანებები ექსპერტიზამ უნდა განსაზღვროს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი არ დაემორჩილა პოლიციას, ჯერ ფიზიკური და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს. სამივე პოლიციელი გამოკითხვაზე იმყოფება, გამოიკითხება მოზარდიც.