„არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით,“ - ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.
ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი „საკადრის პასუხს“ გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს.
„ხის კომბალი არ ეკუთვნის არცერთ ცივ იარაღს და არც ცხელ იარაღს. თუ ის აინტერესებს გამოძიებას, რომ როგორი ჯიშის კომბალი რომელი ხისგან არის გამოთლილი, თუ მაგის ექსპერტიზა აინტერესებს, სხვა საქმეა. დაზიანებას რომ მიიღებს ადამიანი, იურიდიულად ასე ჰქვია, მაგის მერე იწყება მაგაზე გამოძიება კონკრეტულ საქმეზე, რომელიც იქ არ მოხდება. არავინ არ მოვა იქ კომბლით, ეგ არის ზღაპარი. თუ ამ უწმინდურების გულისთვის, პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, მაგ შემთხვევაში, ხალხი გასცემს საკადრის პასუხს, რა ფორმა იქნება, მაგას მერე დაინახავთ,“ - განაცხადა რევაზ გაგნიძემ.