უკვე რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს დედაქალაქში. ძლიერმა ნალექმა თბილისს პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე რაიონში დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საერთო ჯამში 112-ში ღამით 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევსა და ისანი-სამგორიდან დაფიქსირდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს თბილისის მდინარეების, მათ შორის ვერესა და დიღმის წყლის მონიტორინგი. მათი თქმით, სიტუაცია თბილისის მდინარეებზე კონტროლს ექვემდებარება.
ძლიერი წვიმის გამო კედელი ჩამოიშალა ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის 7 ნომერში საცხოვრებელი სახლის ეზოში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის წინა ნაწილი, ჩაიმსხვრა მინები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივები მომხდარის მიზეზად მახლობლად მდებარე ახლად აშენებულ კორპუსში გაუმართავ სანიაღვრე სისტემას ასახელებენ.