გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების მიზეზი განმარტა. უწების ცნობით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.
ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია მამამისის დაკავების მიზეზი. ის უარყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტსაც.
„არანაირი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ, როდესაც გაგვაჩერეს და წაიყვანეს გურამი. არადა ჩვენ შეთანხმებული ვიყავით გამომძიებელთან, რომ სასამართლოზე გამოვცხადებოდით და იქ მისცემდა ჩვენებას. კანონის ფარგლებში ადვოკატთან შესახვედრად მივდიოდით.
გურამ ფალავანდიშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი ვინაობა არ წარუდგენიათ“, - აცხადებს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.