"იქ ბევრი ლიბერალია თუ ვინც არის, ჩვენი ძმები დგანან და სრულიად სამართლიანად, აპროტესტებენ გავრილოვის თავხედურ გადაწყვეტილებას" - ეს განცხადება, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, პოლიციაში გამოკითხვაზე წასვლამდე გააკეთა.
ვასაძე საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„თქვენი გლობალისტი ჭკუა ვატირე, არც კი გესმით, რას გადააწყდით. თქვენ გგონიათ, რომ გაგვტეხთ, თქვენ გგონიათ, რომ იქ შეკრებილ საზოგადოებას დაგვაპირისპირებთ. იქ ბევრი ლიბერალია თუ ვინც არის, ჩვენი ძმები დგანან და სრულიად სამართლიანად, აპროტესტებენ გავრილოვის თავხედურ გადაწყვეტილებას, დაემორჩილოს მეთოჯინეების სპექტაკლს და ჩაჯდეს იმ კრესლოში და მერე იპრანჭოს. რუსეთში ახლა ეგ გმირი გახდება, როგორია ეგეთ რამეს რომ გააკეთებს საქართველოში. ხოდა რომ შევხვდები მაგასაც ვეტყვი ერთი ორ ტკბილ სიტყვას, თუ უფალი ინებებს“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. შსს-მ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ლევან ვასაძის განცხადებით, გარდა გურამ ფალავანდიშვილისა, კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თუმცა ამბობს, რომ მათი სახელები დანამდვილებით არ იცის.