პარლამენტის ეზოში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე მივიდა რამდენიმე პიკაპის ტიპის ავტომობილი, ასევე ავტობუსი, მინივენი, რითიც საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ.
სამართალდამცველები, პარლამენტის ეზოში ხელკეტებით და სპეციალური აღჭურვილობით არიან მოსულები, რომელიც ადგილზე მდგარ ავტობუსებშია განთავსებული.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის განცხადებით, სამართალდამცველები, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის შენობის გარეთ გადაინაცვლებენ, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ვაჟა სირაძე ამბობს, რომ სამართალდამცველები მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
„ჩვენ ვართ აქ პოლიცია, რომლის ვალდებულებაა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა, ასევე ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას“ - ამბობს ვაჟა სირაძე.