არაადამიანური მოპყრობა და წამება - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და სპეცტექნიკის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია.
„ის ტექნიკური საშუალება, მაგალითად, ცრემლსადენი გაზი, რომელიც მოთავსებული იყო პირდაპირ რკინის კაფსულებში, ამ გაზის პირდაპირი დამიზნებით სროლა მოქალაქეებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. იქ თავიდან იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი დამიზნებით ესროლეს დემონსტრაციის მონაწილეებს, ეს გაზის რკინის კაფსულები. რეზინის ტყვიები კიდევ უფრო მძაფრი შემთხვევაა და კიდევ უფრო პრობლემური შემთხვევაა იმიტომ, რომ თქვენ როგორც იცით, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა ამ რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის გამო. ანუ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გვაქვს ცალსახა დარღვევა, როგორც გაეროს საერთაშორისო სტანდარტების, ასევე ევროპული კონვენციის სტანდარტების,“ - განაცხადა საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დირექტორმა, გიგა ლემონჯავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციას ამგვარი მოქმედების უფლება არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა. მან ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად ვერ აფასებს.
„როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც დაპირისპირება იყო და პოლიციას ჰქონდა უფლება, პოლიციას ამის უფლება ნამდვილად არ ჰქონდა. ის, რაც მოხდა რუსთაველზე, ამის უფლება პოლიციას არ ჰქონდა. იმიტომ, რომ ისინი დამიზნებით ესროდნენ ჩვენს მოქალაქეებს. მათ შეუშალეს ხელი ჟურნალისტებს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მე მგონია, რომ ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერისგან იყო აბსოლუტური ნული იმიტომ, რომ მოქალაქეებმა ვერ დავინახეთ ის, რომ პირველ რიგში, მთავრობა ადეკვატურად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ კი, გუშინდელ აქციაზე დაზარალებულებს უსასყიდლოდ იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობს. „ემპათია“ ყველა ამ ადამიანს სამართლებრივი ზომების მიღებას ურჩევს.