სასამართლოში მყოფი მოქალაქეები, რომელთა ახლობლებიც დაკავებულები არიან, ამბობენ, რომ 12-დღიან პატიმრობას სრულიად უმიზეზოდ უსჯიან.
ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი ამბობს, რომ სასამართლოში მისული პოლიციელი მისი ძმის დაკავებაში არ მონაწილეობდა, თუმცა, სასამართლოში მოწმედ წარდგა.
„პროცესი იყო სასაცილო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ადამიანს მიუსაჯეს 12 დღე პატიმრობა და წარდგენილ მოწინააღმდეგე მხარეს იყო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა იმ ადგილას, როდესაც ჩემი ძმა აიყვანეს. დიღომში მერვე სართულზე პირველად შეხვდა ჩემს ძმას, გააფორმა ოქმი, რომელიც არის 31 ივნისის რიცხვით შედგენილი, სასაცილოა, დამამცირებელია, ადამიანს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს,“ - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის და.
დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი საქმის განხილვა გადაიდო.
„ვინაიდან პოლიციის წარმომადგენელი არ იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული პირი, სასამართლომ გადადო საქმის განხილვა და დარბაზიდან გაათავისუფლა არასრულწლოვანი,“ - ამბობს ადვოკატი.