17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
არ შეიძლება, ჩვენი პოლიცია გვასახიჩრებდეს იმის გამო, რომ ვაპროტესტებთ ოკუპანტის პარპაშს ამ შენობაში - მიშა მშვილდაძე

არ შეიძლება, რომ ჩვენი პოლიცია გვასახიჩრებდეს იმის გამო, რომ ვაპროტესტებთ ოკუპანტის პარპაშს ამ შენობაში - ეს სიტყვები პროდიუსერმა, მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მიშა მშვილდაძის თქმით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეების სასტიკ და სისხლიან დარბევაზე პასუხისმგებლობა სრულად შს მინისტრს ეკისრება და გიორგი გახარიამ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩვენ აქ შეკრებილი  ვართ ერთი მთავარი იდეის გამო, რომ ჩვენ დავიცავთ საქართველოს რუსეთის ოკუპაციისგან. მეორე დღეა, თბილისში მიმდინარეობს ანტი რუსული აქციები, ეს არის რაც ხდება. სამწუხაროა იმის დანახვა, როგორც მოიქცა გუშინ ჩვენი სპეცრაზმი, როდესაც ღია ნადირობა გამოაცხადა ადამიანებზე და გაუფრთხილებლად, კანონის დარღვევით, გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ასევე რეზინის ტყვიები და კიდევ რაღაც განსაკუთრებულად მძიმე, სხვა რეზინის ტყვიების შემთხვევებიც არის. ყველაფერზე, რაც გუშინ  ღამე თბილისში ხდებოდა, ამ გავრილოვის ღამეზე რაც მოგვიწყო ჩვენმა სამარცხვინო ხელისუფლებამ, უნდა აგონ პასუხს. არ შეიძლება, რომ ჩვენი პოლიცია გვასახიჩრებდეს იმის გამო, რომ ვაპროტესტებთ ოკუპანტის პარპაშს ამ შენობაში. არ აქვს პოლიციას ჩვენი დასჯის უფლება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გუშინდელ ღამეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ და გადადგეს“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ სასტიკი დარბევის დროს, ყველა პოლიციელი, ვინც კანონს გადააჭარბა, უნდა დაისაჯოს.

„უნდა დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც გადაჭარბებული ენთუზიაზმით ებრძოდა თავის ხალხს“ - აღნიშნა მშვილდაძემ.

 

დღის ამბები