17 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ჩვენ არ გვინდა ნამგალი! ჩვენ არ გვინდა ურო! ბიძინა, შე ფარჩაკო გაიღვიძე! - აქცია რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით

„ბიძინა, შე ფარჩაკო გაიღვიძე, შე ფარჩაკო!“-მსგავსი შინაარსის შეძახილები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დღის დასასრულს გაისმა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინათ და მისთვის დაძინების საშუალება არ მიეცათ.

„ჩვენი გამგე ყველამ ვიცით, რომ 10 საათზე იძინებს ხოლმე და ახლა ამ არეულობის და შფოთვის გამო 12-მდე გადაუწევია. სულ ახლახანს დაიძინა. არ გავაღვიძოთ?! გავაღვიძოთ. ბიძინა, შე ფარჩაკო გაიღვიძე, შე ფარჩაკო!“-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე მთელი დღის  განმავლობაში მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ცნობილი სახეები. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საკუთარ მიზნებს მშვიდობიანი გზებით მიაღწევენ.

„დღეს იმიტომ ვართ ამდენი რომ მშვიდობიანები ვართ, იმიტომ ვართ ამდენი, რომ მშვიდები ვართ. იმიტომ ვართ ამდენი რომ მართლები ვართ. ჩვენ ვართ სახლში, ჩვენს სამშობლოში, ჩვენს დედაქალაქში. აი აქ გვინდა წამოვწვებით, გვინდა ვიდგებით, გვინდა ვიცეკვებთ. რასაც გვინდა იმას ვიზამთ. და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ამას დასჭირდება დღეები? კი ბატონო, კვირები? კი ბატონო. ჩვენ არსად არ გვეჩქარება,“-მიმართა აქციის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას ტელეპროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად ვადა ხვალამდე მისცეს.

„გამოუშვით, გამოუშვით,“-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველო არასდროს არ დაუჩოქებს რუსეთს.

„ჩვენ არ წავაგებთ ომს, ომს ჩვენ  აუცილებლად მოვიგებთ. იმიტომ რომ შეუძლებელია დაამარცხო თავისუფლების იდეა. შეუძლებელია ქართველი ხალხი დამარცხდეს იმიტომ რომ ეს არის ანწუხელიძის ქვეყანა, რომელიც არასდროს არ დაუჩოქებს რუსს,“-განაცხადა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ.

დემონსტრანტების განცხადებით, დღეს უფრო მეტი ადამიანი მივიდა რუსთაველის გამზირზე ვიდრე ეს გუშინ იყო. და მათ ვერ შეაშინებენ.

„ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი მოქალაქეები დამოუკიდებელ საქართველოში. ვიღაც რუსი ოლიგარქი არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში სადაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოვაწერეთ,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც, რომლებმაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყო ლაშა ბუღაძემ რომელმაც კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნები.

„დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი, რომელიც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს და დაასახიჩრა და დააბრმავა ხალხი, გახარია უნდა გადადგეს. ეს ერთი. უნდა მიყვეს ამას ეს სათამაშო თოჯინური მთავრობა, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის. და უნდა მივაღწიოთ პროპორციულ არჩევნებს, თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს. კეთილი ინებოს ამ მთავრობამ და სანამ დაიშლებიან და მათ მიერ დასახიჩრებულ ხალხს უმკურნალონ,“-განაცხადა ლაშა ბუღაძემ.   

დღის ამბები