თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, წუხელ სამართალდამცველებმა 305 მოქალაქე დააკავეს, თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი 500-ია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის ბოლომდე არ ასაჯაროვებდა დაკავებულთა რიცხვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უამრავი ადამიანი იმყოფება, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სასამართლოს 10 სხდომათა დარბაზში, საქმეების განხილვა მიმდინარეობს. 10 მოსამართლე ერთმანეთის პარალელურად დღეს აქციის მონაწილეების საქმეების განიხილავდა.
ამ დრომდე გამართულ სასამართლო პროცესებზე მათ უდიდეს უმრავლესობას ორ კვირამდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დღის მეორე ნახევარში, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კრიტიკული განცხადება გაავრცელეს, ვითარება შეიცვალა. მოქალაქეების საქმეებზე, გარკვეული ვადით ხდება გადავადება და ისინი არ იხდიან ადმინისტრაციულ სასჯელს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პროცესი ისე ჩაატარეს, რომ სხდომას არ დასწრებია არც ის და არც დაკავებულის ოჯახის წევრები.
„ამ ადამიანებმა მთხოვეს, რომ შევსულიყავი სასამართლო პროცესზე, 2 საათია ველოდები აქ და აღმოჩნდა, რომ უკვე ჩატარებულია და უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი“ - ამბობს ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, კოკა კიღურაძე, რომელიც გუშინ, აქციაზე სამართალდამცველებმა დააკავეს. ის განმარტავს, რომ არაფერი დაუშავებია და სასამართლოს მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს.
„შეუფარდა 7 დღიანი პატიმრობა, პოლიციელი აცხადებს, რომ მე დავიჭირე და ახლა აღმოვაჩინეთ ზუსტად რუსთავი 2-ის კადრები, რომ მას არ დაუჭერია და როგორ ურტყამენ დაკავებულ პიროვნებას. მტკიცებულებები საერთოდ არ არის. არსებობს ერთადერთი მტკიცებულება, ეს არის დაკავების ოქმი, სადაც წერია ყველასთან მიმართებაში სტანდარტულად, რომ ჩაიდინა, მაგრამ მოდიან პოლიციელები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ დაკავებაში მონაწილეობა“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, დიმიტრი ნოზაძე.
ადვოკატი, გიორგი ცობეხიას თქმით, სამართალდამცველებმა აქციაზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოქალაქეები დააკავეს. ის მომხდარს ოლიგარქიული რეჟიმის დამყარებას უწოდებს.
„ადამიანების ის რაოდენობაა დღეს დაკავებული, რომელიც მასობრივად, ერთად აღებული, საქართველოში დიდი ხანია კი არა, მე პირადად არ მახსენდება ამ ოდენობის მოქალაქეების დაკავება. ეს პრაქტიკულად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დამყარდა, რომელსაც საერთოდ აღარაფერი აღარ გააჩნია დემოკრატიასთან. 500 კაცზე მეტია სინამდვილეში დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეალურად, სტატისტიკასაც კი აყალბებს“ - ამბობს ადვოკატი გიორგი ცობეხია.
დაკავებულები იხსენებდნენ, რომ საგანგებო დავალებათა სამსახური და კრიმინალური პოლიცია აქციაზე აპატიმრებდა ყველას, ვისაც დაინახავდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
„ვალაგებდით გაუბედურებულ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, თავს დაგვესხნენ და გაგვიტაცეს, გვცემეს... ყველაში საფრთხეს ხედავდნენ, გმირთა მოედანზე აჰყავდათ ადამიანები“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.