17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
„სასამართლო სხდომები იყო საკმაოდ შაბლონური" - სოფო ვერძეული

აქციაზე დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები - საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე რჩებიან იურისტები. ისინი დაკავებულებს უფასო კონსულტაციას უწევენ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული ამბობს, რომ სასამართლო სხდომები შაბლონურად იმართება.

„სასამართლო სხდომები იყო საკმაოდ შაბლონური, რამდენიმე წუთიანი და სასამართლო თავს არიდებდა მტკიცებულებების დამატებით გამოკვლევას ან გადამოწმებას ინფორმაციის, რომელსაც მას პოლიციელები აწვდიდნენ. ამიტომ, ეს ხელწერა, რაც ზოგადად, ადმინისტრაციულ პატიმრობებს და ადმინისტრაციულ დაკავებებს აქვს, დღეს კიდევ უფრო ნათლად და მძიმედ გამოჩნდა.“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ამ დრომდე გამართულ სასამართლო პროცესებზე დაკავებულთა უმრავლესობას ორ კვირამდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დღის მეორე ნახევარში, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კრიტიკული განცხადება გაავრცელეს, ვითარება შეიცვალა. მოქალაქეების საქმეებზე, გარკვეული ვადით ხდება გადავადება და ისინი არ იხდიან ადმინისტრაციულ სასჯელს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

„პრაქტიკულად, ერთი და იგივე ტიპის დარღვევაზე, რაზეც ედავებოდა ერთი და იგივე ტიპის მუხლებზე, ერთი და იგივე ტიპის მტკიცებულებებზე, ერთი პოლიციელის ჩვენება მაგალითად. დღის პირველ ნახევარში იყენებდნენ პატიმრობას, დღის მეორე ნახევარში, უკვე შეცვალეს სტანდარტი“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.  

ოფიციალური ინფორმაციით, წუხელ სამართალდამცველებმა 305 მოქალაქე დააკავეს, თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი 500-ია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის ბოლომდე არ ასაჯაროვებდა დაკავებულთა რიცხვს.

დღის ამბები