17 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
დარბეული აქცია და დაკავებული მოქალაქეები - საქალაქო სასამართლოში პროცესები გრძელდება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები გრძელდება.

ოფიციალური ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა აქციაზე 305 მოქალაქე დააკავეს. თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი 500-ია. დაკავებულების უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ამ დრომდე გამართულ სასამართლო პროცესებზე მათ უდიდეს უმრავლესობას ორ კვირამდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი, რომლებიც ხმაურით აპროტესტებენ პოლიციის ქმედებებს და მოსამართლეების გადაწყვეტილებებს.

დაკავებულები პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ.

„ვიდექი ცხელ წერტილში, საიდანაც მოხდა ჩემი მოტაცება. მერე ამას მოყვა გინება, წიხლების რტყმა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ერთი ღამე განყოფილებაში გავათენე და მთელი დღეა ვარ საქალაქო სასამართლოში“, - აცხადებს დაკავებული მირიან იმერლიშვილი.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობაში მოხალისეებად ჩაერთვნენ ადვოკატები და დაკავებულების საქმეებზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოითხოვეს.

„მოხდა პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს ადამიანი პირიქით ხალხს მოუწოდებდა, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია და პირიქით, მათ უწევდა დახმარებას. მე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ ინსპექციას, დაიწყოს მოკვლევა ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ის პირები, ვინც ასეთ მძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, დაისაჯონ კანონის სიმკაცრით“, -განაცხადა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა.

დღის ამბები