რუსთაველის აქციაზე დაშავებულების ნაწილი კვლავაც თბილისის საავადმყოფოებში განაგრძობს მკურნალობას. ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა 2 პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა დაზიანებებით კი სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს კიდევ 37 პაციენტი. მედიკოსების განცხადებით, ისინი ვისი მდგომარეობაც სამართალდამცველთა მიერ მიყენებული დაზიანებების გამო მძიმეა, რეგიონულ ჰოსპიტალში, ინტენსიური დაკვირვების პალატაში იმყოფებიან.
„ერთ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევა. პაციენტი ამჟამად უკვე პალატაშია გადაყვანილი და არის სტაბილურ მდგომარეობაში. მეორე პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური ოპერაცია, მოხდა თვალის შენარჩუნება. პაციენტი ამჟამად სტაბილურად იმყოფება ინტენსიური დაკვირვების პალატაში, არის კონტაქტური, არის დადებითი დინამიკა. არის ასევე ალადაშვილის კლინიკიდან გადმოყვანილი ორი პაციენტი, იმყოფებიან ინტენსიური დაკვირვების პალატაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - აცხადებს რეგიონული კლინიკის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას დაშავებულებს უფასო მკურნალობას სთავაზობს,„ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - მზერა“.
"რუსთავი 2"-ის გადაცემა „მთავარი ექიმის“ წამყვანი გიორგი ჩიჩუა ამბობს, რომ კლინიკა ყველა დაშავებულებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
“ყველა ის ადამიანი, ვისაც სჭირდება დახმარება, კონკრეტულად, ოფთალმოლოგიური კუთხით, ვიცით, რომ არიან დაშავებულები. შესაბამისად, ჩვენი კლინიკა ანუ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - მზერა და მისი გუნდი მზად არის გაუწიოს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ყველანაირი სამედიცინო დახმარება და ყველა ის პროცედურა, რაც იქნება მათი ჯანმრთელობისთვის, მათი მკურნალობისთვის აუცილებელი, ჩვენი კლინიკა აიღებს თავის თავზე“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ჩიჩუამ.
როგორც ცნობილია, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობას რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. დაშავებულებს შორის არის, "კურიერის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილიც.