პუტინი საქართველოს ტურისტულ ემბარგოს უწესებს და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ადგილობრივი ტურისტების გადაყვანას უკრძალავს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება რუსთაველის აქციაზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ მიიღო. ამ წუთებში საქართველოში ათიათასობით რუსი ტურისტი იმყოფება, რომლებიც აცხადებენ, რომ სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი მოქალაქეების უფლებებისგან უნდა გაიმიჯნოს.
„მე პირველად ვარ საქართველოში, ძალიან მირჩიეს და ჩამოვედი. მომწონს ყველაფერი ქვეყანა, ამინდი, ხალხი. მითხრეს რუსეთიდან, რაც თქვა პუტინმა, მეკითხებიან რამდენად უსაფრთხოა აქ ყოფნა. თუმცა მე ძალიან მშვიდად და უსაფრთხოდ ვაგრძელებ მოგზაურობას. მე მგონი პუტინს ამით უნდა ზეწოლა მოახდინოს ჩვენზე. აქ უკვე ირთვება პოლიტიკა. არ არის სწორი აურიო ერთმანეთში პოლიტიკური ინტერესები და რიგითი მოქალაქეების უფლებები“, - აცხადებს რუსი ტურისტი.
რუსი ტურისტები ქართველების სტუმართმოყვარეობაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ საქართველოს რეკომენდაციას მეგობრებთანაც გაუწევენ.
„არ აქვთ უფლება გადაუწყვიტონ ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებაში უნდა იყვნენ. ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს ყველაფერს, მიმაჩნია, რომ არაფერი საშიში არ არის, იმაზე უფრო სტუმართმოყვარეები ხართ, ვიდრე ველოდით“, განაცხადა რუსმა დამსვენებელმა.
რუსეთის ემბარგოს პასუხად საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა კამპანია დაიწყო - „დაისვენე საქართველოში“. კამპანიის ინიციატორები და ცნობილი სახეები მოსახლეობას მოუწოდებენ შვებულება საქართველოში გაატარონ.
„წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას! შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა! დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!“, - აღნიშნულ სტატუსს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.