ოფიციალური ვარშავა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იზიარებს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, რომელიც რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტმა გამოიწვია.
"2008 წლის ომის გათვალისწინებით, რომლის შესახებაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია და იმ აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან და ამასთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ატარებს, ჩვენთვის გასაგებია იმ უნდობლობისა და უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვისა და რუსი დელეგატების ყოფნას მოჰყვა," - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.
ვარშავაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია.
"გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება," - ნათქვამია განცხადებაში.