20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევის დროს თვალის დაზიანება კიდევ ერთმა პირმა მიიღო. მის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ის მკურნალობას ”ნიუ ჰოსპიტალში“ გადის. შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას ამ დრომდე მალავდნენ. კლინიკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ უფლება პაციენტის იდენტიფიცირება მოახდინონ, თუმცა დაშავებულ მოქალაქეს თვალი შეუნარჩუნდა. ახლა ექიმები მუშაობენ იმისთვის, რომ მას მხედველობა აღუდგეს.
„მდგომარეობა ყველასი არის სტაბილური თუმცა საყურადღებო. არც ერთი არ მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას ამ ეტაპზე. ერთ პაციენტთან არის შენარჩუნებული თვალი მაგრამ რჩება მხედველობის პრობლემები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის მოგვარებაზე. სტაბილური არის, საშუალო სიმძიმის,“-განაცხადა ”ნიუ ჰოსპიტალსის” სამედიცინო დირექტორმა გიორგი კორძახიამ.
რამდენადაც "კურიერისთვის" არის ცნობილი აღნიშნულ პაციენტს დაზიანებები აქვს მეორე თვალზეც თუმცა ეს არ უკავშირდება 20 ივნისის დარბევას. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია.