17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"5-6 პოლიციელი მირტყამდა დაკავების დროს და მივიღე საკმაოდ მძიმე დაზიანებები" - ნიკა შარვაშიძე 

თელავში, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ. საქმე ეხება, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დემოკრატიული სკოლის ხელმძღვანელის, ნიკა შარვაშიძის დაკავების საქმეს. ისინი პროკურატურისაგან ფაქტის კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.

საჩივრის ავტორებმა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებული დაკავების კადრები უჩვენეს და იმ პოლიციელების დასჯა მოითხოვეს, რომლებმაც ის სცემეს.

თავად ნიკა შარვაშიძე თვლის, რომ ის და მისი მეგობრები აქციაზე რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შარვაშიძე სასამართლო პროცესამდე ხელწერილით არის გათავისუფლებული. 

„მიმდინარეობდა შტურმი ქვევიდან, ამ დროს მოქალაქეები ვიწევდით ზევით, რუსთაველის მეტროსკენ და ამ დროს, დაახლოებით „რედისონის“ მხრიდან შემოუშვეს პოლიციელები, რომლებიც იყვნენ ხელბორკილებით და ზოგიერთი ხელკეტებით შეიარაღებული. ამ დროს, ნებისმიერ ადამიანი, ვინც თუნდაც უკვე დაშავებული ყოფილიყო ტყვიებისგან და გაზისგან, დაკავების დროს ურტყამდნენ. 5-6 პოლიციელი მირტყამდა დაკავების დროს და მივიღე საკმაოდ მძიმე დაზიანებები, რის შემდეგაც საჭირო გახდა ჩემი სტრაციონარში გადაყვანა“ - აცხადებს ნიკა შარვაშიძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ნიკა შარვაშიძე "გავრილოვის" ღამის კიდევ ერთი მსხვერპლია. 

"ჩვენ კარგად ვნახეთ, დღევანდელი ივანიშვილის განცხადებიდან, რომ მან არ გადააყენა გახარია და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი დავალებით მოხდა ადამიანების თვალების დათხრა და დარბევა და ესე უმოწყალოდ ცემა. გავაკეთებთ ერთობლივ წერილს, ასევე საჩივარს, მივმართავთ პროკურატურას, რომ მოხდეს როგორც იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, ეს არის ვიდეო კადრები, ასევე სამედიცინო დასკვნები, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, რომ ნიკა არის უკანონოდ ნაცემი უმოწყალოდ,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები