ეს ხალხი სავაჭროდ არ დგას რუსთაველის გამზირზე, აქ არ არსებობს პირველი და მეორე მოთხოვნები - ეს განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით ბიძინა ივანიშვილის მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ არ დათმოს გახარია.
„ბიძინა ივანიშვილი მზად არის ყველაფერი დათმოს ქვეყანაზე, გიორგი გახარიას გარდა, იმიტომ, რომ დღეს მისი ძალაუფლება დგას გახარიაზე, იმიტომ ვერ ელევა ის გახარიას და მეორე, გახარიას მოხსნა და დანიშვნა არ არის ივანიშვილის პრეროგატივა. მოსკოვი გადაწყვეტს უნდა იყოს თუ არა გახარია ამ თანამდებობაზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით ივანიშვილს მოუწევს გიორგი გახარიას გადაყენება. მისივე თქმით, რა თქმა უნდა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პოლიციელმა, ვინც ახლაგაზრდებს დამიზნებით ესროდა, თუმცა უპირველესყოვლისა უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა.
მისივე თქმით ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ არის მთავარი და არავინ არ აპირებს ივანიშვილთან ვაჭრობას.
„ახლა ივანიშვილი არის კუთხეში მიმწყვდეული თაგვივით რომელიც ეძებს სოროს სად შეძვრეს თავის გადასარჩენად, ჩვენი ვალდებულებაა რომ ასეთი სორო მას არ მივცეთ რათა არ მოახერხოს გაძრომა. ეს ხალხი აქ სავაჭროდ კი არ დგას რუსთაველის გამზირზე, რომ ივაჭროს ერთი მოთხოვნა შესრულდება და დავიშლებით... აქ არ არსებობს პირველი და მეორე ხარისხოვანი მოთხოვნები. ყველა მოთხოვნა არის მთავარი,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.