17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
„მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ ეპოქა, როდესაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არის ძალოვან უწყებებში" - გიორგი ქადაგიძე

პროპორციული არჩევნები დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას - ეს განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა. ქადაგიძე, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციას ესწრება, აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა პირველი, წინგადადგმული ნაბიჯია.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად გამარჯვება, არა მარტო იმ ადამიანების, ვინც აქ არის შეკრებილი და გამოხატავს პროტესტს, არამედ ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნები დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას, პროპორციული არჩევნები ეს არის დასაწყისი პოლიტიკური სისტემის ცვლილების და ისეთი პოლიტიკური სისტემის მიღების, სადაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრს ვიღებთ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავასრულოთ ეპოქა, როდესაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არის ძალოვან უწყებებში. ეს არის პოსტსაბჭოური და საბჭოური ტრადიცია, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს პარლამენტში,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციებს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნების მოქალაქეები უერთდებიან, რომელთა მოთხოვნა, პირველ რიგში, შს მინისტრის გადადგომაა. 

„ეს არ არის ხელის გადაგრეხვა, ეს არ არის თამაში მოგება-წაგებაზე, ეს არის ხალხის მოთხოვნა. თქვენ ხედავთ, როგორი მუხტია, რამდენი ადამიანი უერთდება აქციებს, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერი ხელისუფლებას ყოველთვის მოუწევს გაითვალისწინოს ის აზრი, რაც არის ხალხის დაკვეთა და ეს აუცილებლად შესრულდება,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართველმა მოსახლეობამ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო თავისუფალი და თავმოყვარე ქვეყანაა. ქადაგიძის თქმით, ქვეყანა აუცილებლად ჩაეწერა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რუსეთთან თავის დაღწევის შემდეგ, განვითარების გზას დაადგა.

„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე, თავისუფლების მოყვარული ერი. ჩვენ შეიძლება გვატკინონ, შეიძლება დაგვაჩოქო, შეიძლება დროებით ტერიტორიები წაგვართვან, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და ეს ბრძოლა, არავითარ შემთხვევაში არ არის ძალადობრივი ბრძოლა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

დღის ამბები