20 ივნისის აქციის შედეგები და ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევები - საკითხზე დღეს ეკონომიკის მინისტრი ბათუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს. შეხვედრაზე ყურადღება პრობლემის გადაჭრის გზებზე გამახვილდება.
ტურ სააგენტოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ ჯავშნების 80 პროცენტი გაუქმდა. მათი თქმით, აღნიშნულ სფეროში რუსეთის ბაზრის არსებობა მნიშვნელოვანია.
„80 % ჯავშნების გაუქმდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ალტერნატივას იპოვის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ იმედი გვაქვს იმისიც, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია რუსეთის ბაზარი იყოს,“- განაცხადა კომპანია “Travel B“- ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხაჩატურიანმა.
აღნიშნულ საკითხზე ნათია თურნავამ ტურ ოპერატორებთან და სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელთან შეხვედრა თბილისშიც გამართა.
მინისტრის განმარტებით, რუსეთიდან მომავალი ტურისტები, საქართველოს ტურიზმის სექტორის 25 პროცენტს შეადგენენ. ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად შეამციროს კრიზისით გამოწვეული ნეგატიური შედეგი.
„ჩვენ მზად ვართ და ეს აღვუთქვით ბიზნესს, რომ გვერდში დავუდგეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვა და სხვა გეგმაზე. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი და უსაფრთხო ბაზარი ტურიზმისთვის. ეს შეეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურისტს, მათ შორის ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის, რუსს ტურისტსაც. ვაპირებ აჭარაში ჩავიდე დ ა იქ შევხვდე ტურისტულ ბიზნესს, შევხვდე მცირე სასტუმროებს, შევხვდე საოჯახო სასტუმროებს. აჭარა , ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ იქ ახლა სეზონი არის დაწყებული და რა თქმა უნდა, ეფექტი იქაც იქნება და გავლენა,“- განაცხადა თურნავამ.