დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცდილობდნენ გახარიას გადარჩენას, მაგრამ ხალხმა ნახა უამრავი დაშავებული - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი.
მისი თქმით, გახარია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და სანამ ის არ გადადგება, პროტესტი არ შეწყდება.
„მეექვსე დღეა, რუსთაველი იკეტება, ხალხის სიმრავლე არის, ეს არის გაბრაზებული ხალხის რეაქცია. სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ მივაღწევთ, არ დავიშლებით,“ - ამბობს ჭარხალაშვილი.
აქტივისტი ამბობს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობდა.
„მე ვიყავი უშუალო მონაწილე, ამ ადამიანებს ჰქონდათ ბრძანება, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სახეში დაემიზნებინა. პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, ვინც ამბობს, რომ, თურმე, გახარია არის გმირი. მან შეძლო, რომ ნაკლები სისხლი დაღვარა. ყველას გაახსენდა 9 აპრილი იმიტომ, რომ ისე ჩეხავდნენ რუსები, როგორც ქართველებმა დაჩეხეს ქართველები,“ - ამბობს ჭარხალაშვილი.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხს ომი გამოუცხადა. კაპიტულაციის აქტი მოხდა 20-ში, როცა დასვეს გავრილოვის სავარძელში.
"ვხედავთ მეექვსე დღეა და ხალხი ისევ მოვა. რეგიონებიდანაც უნდათ ადამიანებს ჩამოსვლა. რაც მოხდა პარლამენტში არის მიუღებელია. როცა ცდილობენ გახარიას "გაპრავებას" აღიზიანებს ხალხს. გამოდის, რომ ივანიშვილი არ ყოფილა პირველი პირი, გახარიაა პირველი, რუსეთის "ნამესტნიკი", რომელიც აქ აგვარებს ყველაფერს, გათეთრება ამხანაგი გახარიასი არ გამოვა, ამათ არ მოვასვენებთ, სანამ არ ვაიძულებთ შეასრულონ მოთხოვნები," - ამბობს კახა კვეკვესკირი.
მისი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოთხოვნები გაიზრდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულებულა.
"სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი გადაწყვეტილებაა, აკონტროლონ ხელისუფლების შტოები, რომლებიც ერთმანეთს აღარ აკონტროლებენ და ერთმანეთის თანამზრახველები გახდნენ შავ-ბნელი საქმეების კეთებაში," - ამბობს აქციის ორგანიზატორი.