შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე და ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი ლავროვს პასუხობს.
მაიკლ კარპენტერი “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხება, არის თუ არა მეგობრული დამოკიდებულება, როდესაც მის ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.
"მე შევამჩნიე, რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო სწევს საოკუპაციო ხაზს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, რის შედეგადაც მოსახლეობას ართმევთ წვდომას მათ ფერმებსა და საარსებო საშუალებებზე. ასე ახდენთ ურთიერთობების ნორმალიზებას?" -კითხულობს მაიკლ კარპენტერი.
ამერიკელი ანალიტიკოსი ასევე სთხოვს ლავროვს ახსნას, თუ რამ განაპირობა რუსეთიდან საქართველოში ტურიზმის შეჩერების გადაწყვეტილება.
“ძვირფასო მინისტრო, თქვენ ხედავთ რომ ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ნორმალიზაციის დღის წესრიგი სინამდვილეში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელის შეშლაა,”- წერს მაიკლ კარპენტერი.
2 დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.